წელს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად 16 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლებმა მეუფე იოანეს შეხვედრა მოუწყვეს. კრება გახსნა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ვრცლად ისაუბრა მეუფე იოანეს დიდ ღვაწლზე ქართული ეკლესიის წინაშე. განსაკუთრებით რთულ 90-იან წლებში მეუფე აკადემიის რექტორი გახლდათ. მეუფე ყოველთვის ერთგულად ედგა გვერდით ჩვენს პატრიარქს, და კვლავ თავდაუზოგავად ემსახურება საქვეყნო საქმეს. მეუფე იოანე დღესაც ასწავლის აკადემიაში, ამასთან ის არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის განათლების ცენტრის თავმჯდომარე. რექტორის შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ელდარ ბუბულაშვილი – ისტორიის მეცნიერებათ დოქტორი, რომელმაც მსმენელებს მეუფე იოანეს ბიოგრაფია გააცნო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა მეუფე იოანეს მნიშვნელოვან ღვაწლზე სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში. ედიშერ ჭელიძემ, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა გაიხსენა, თუ როგორი განსაკუთრებული სიბრძნითა და ტაქტით წარმართავდა მეუფე, მაშინდელი მამა გიორგი, აკადემიისა და სემინარიის ცხოვრებას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ავთანდილ არაბულმა ისაუბრა მეუფე იოანე ფასდაუდებელ მონაწილეობაზე “სახელმწიფო ენის კანონის” მომზადების საქმეში. ქალბატონმა გვანცა კოპლატაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გაიხსენა მეუფე იოანეს გონივრულად წარმართული საქიანობა აკადემიის სტუდენტებთან, განსაკუთრებით შფოთისა და დაპირისპირების დროს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა მაია რაფავამ, მსმენელებს გააცნო მეუფე იოანეს დიდი დაინტერესება ბიბილიის ახალი ქართული თარგმანის შესრულების საქმეში და მისი ხელმძღვანელობით შესრულებული ხუთწიგნეულის თარგმანის ღირსებები. სხდომას წარმართავდა აკადემიისა და სემინარიის სწავული მდივანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლეილა გეგუჩაძე. დასასრულს, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მეუფე იოანეს აკადემიისა და სემინარიის თანამშრომელთა სახელით საჩუქრად გადასცა პანაგია. დამსწრეთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო თავად მეუფის გამოსვლა. სიბრძნითა და სიმშვიდით გამორჩეულმა მიტროპოლიტმა მადლობა მოახსენა ყველას დაფასებისათვის და მრავალი რამ გაიხსენა წარსულის პერიპეტიებიდან, აკადემიის ცხოვრებიდან, პატრიარქთთან დაავშირებული საინტერესო ამბები. ისაუბრა სამეუფო გზის მნიშვნელობაზე, რადიკალიზმის დამღუპველ შედეგებზე, ქება-ძაგების სიმშვიდით მიღებაზე, ქართული გალობის საღმრთო სიღრმესა და უნიკალურობაზე.
თავად მეუფისა და სხვა გამომსვლელთა სიტყვებს სრული სახით უახლოეს მომავალში მივაწვდით ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებს.
ფოტოგალერია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/pg/tsas.edu.ge/photos/?tab=album&album_id=709939939173650
0 Responses on მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის იუბილე"