ბზობას გილოცავთ!

აი, მიიწურა დიდმარხვის კვირები, ხვალიდან ვნების კვირეული იწყება, ბრწყინვალე აღდგომის წინა ბოლო სამზადისი – მძიმე დღეები, როცა მაცხოვრის ტარიგად შემზადების, ღალატისა და ჯვარცმის მომსწრედ ვიქცევით. დღეს კი ჯერ კიდევ არ გაუცია იუდას იესო, დღეს არავინაა გონებაშეცვალებული და არ გაჰყვირის, ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგეო! დღეს უფალი დიდებით შებრძანდება სამეფო ქალაქ იერუსალემს. დღეს დიდი და მცირე, ქალი და კაცი, ასაკოვანნი და ყრმანი გამოვლენ ქუჩებში და მდაბლად სცემენ თაყვანს უფალს. ნიშნად მოწიწებისა ფეხქვეშ უფენენ სამოსსა და პალმის შტოებს. დღეს მთელი ერი აღიარებს იესოს მარადიულ მეუფედ ისრაელისა!

ამიტომაც ძვირფასია ჩვენთვის, ქრისტიანთათვის ეს საოცარი დღე, რაკი ერმა უწინარეს აღდგომისა შეიცნო და განადიდა მაცხოვარი. ასე რომ, ბზობა რწმენის დღესასწაულია. ამავე დროს, ეს ყრმათა დღესასწაულიც არის – უამრავი ბავშვი, ჩვილნი და ასაკმცირენი თაყვანს სცემდნენ და უგალობდნენ იესოს, ჭეშმარიტებას ღაღადებდა მათი ბაგენი და ეს ხმა შეერთვოდა ანგელოზთა მოუკლებელ გალობას: “ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”
მართლმადიდებლები ამ დღეს იერუსალიმის მკვიდრთა მსგავსად განვადიდებთ იესოს და თაყვანისცემის ნიშნად მცენარის ტოტები მიგვაქვს ეკლესიაში საკურთხებლად. უძველეს ქართულ ტექსტებში იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლის დღე ბაიობის დღედაც იწოდება, “ბაია” ბერძნულად ყლორტს ნიშნავს. სხვადასხვა ქვეყანაში მორწმუნეებს პალმის, ზეთისხილის, ურთხელის, ტირიფის ტოტები მიაქვთ ეკლესიაში. საქართველოში, ტრადიციულად, ბზას ვაკურთხებთ, ნიშნად იმისა, რომ Dჩვენც, პირველი საუკუნის იერუსალიმელთა მსგავსად, განვადიდებთ იესოს, ბზის თითო ყლორტი კი სახლში მოგვაქვს, ეს კი სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენი გალობა არასოდეს გაცუდდება, უფლის თაყვანისცემას არასოდეს შევცვლით მისი დაგმობით, “ნუ იყოფინ ესე ჩვენდა!”

ყველას გილოცავთ დიდებულ ბზობის დღესასწაულს!

Sunday April 9th, 2017

0 Responses on ბზობას გილოცავთ!"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>