დღეს, ახალი სტილით 28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობა ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორისაა და მისი დიდი მნიშვნელობის გამო წინ ორკვირიანი მარხვა უძღვის.
მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ ყოვლადწმიდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. გადმოცემის მიხედვით იგი ხშირად დადიოდა სალოცავად გოლგოთასა და ზეთისხილის მთაზე. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო მოახლოვდა და ეს სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო მის საფლავთან მიეტანათ. ღვთისმშობელმა სიხარულით მიიღო სამოთხის რტო, მადლობდა და ევედრებოდა უფალს, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ გაბნეულნი. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.
ღვთისმშობელს არ დავიწყებია თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. მას ყველა უყვარდა, განსაკუთებით კი ისინი, ვინც მის დახმარებას საჭიროებდა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ. როდესაც იგი თავის სურვილებს იოანესა დ იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმიდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხრიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც ის იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღვთისმეტყველი მათ მიეგება და აუწყა, რომ დადგა ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე.
ყოვლადწმიდა ქალწული ყველას თავისთან უხმობდა, ეალერსებოდა რწმენისა და იმ შრომისათვის, ქრისტეს ქადაგებისას რომ გასწიეს. ანუგეშებდა და აიმედებდა, რომ ობლად არ მიატოვებდა ქვეყანას და შეისმენდა ყველას ლოცვას – ვინც კი მას მიმართავდა.
ანგელოზის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებმა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა – თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას, მაშინ გაისმა ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში. მოციქულთა დასმა სიყვარულით უგალობა მას: „ზეციურსა სავანესა შინა ძისა შენისასა შეწყნარებული ყოველ ჟამ ხარ ღვთისმშობელო, შეწევნად ერისა შენისა“.
იქ მყოფნი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა და მთავარანგელოზის გალობით განადიდებდა მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“. წმინდა მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამქვეყნიურ განშორებას გლოვობდნენ, მაგრამ ნუგეშს სცემდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი – წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ – სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ; მსვლელობის პროცესში – თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა.
ბევრმა ურწმუნო იუდეველმა მოისმინა არაჩვეულებრივი ხმები, ნახა საზეიმო მსვლელობა და ეს ამბავი მღვდელმთავრებსა და მოხუცებულებს აცნობა. ისინი ბრაზითა და შურით აღივსნენ, როდესაც ნახეს, როგორი პატივით მიაცილებდნენ მათ მიერ ჯვარცმული იესოს დედას. იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს. უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ღვთისმშობლის სხეული კი დაეწვათ. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება. სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით გარს შემოერტყა. მდევარს გალობისა და ნაბიჯის ხმა ესმოდა, მაგრამ სიბრმავით მოცული ვერაფერს ხედავდა. სიმჭიდროვისაგან ბევრმა მათგანმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებმა გზა დაკარგეს და გამყოლებს ეძებდნენ. განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია იქცეოდა. მან საშინელი ღვთისმგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან და მისი ძე, უფალი იესო ქრისტე აუგად მოიხსენია. ძველი შურითა და მტრობით გულადუღებული სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმინდა ცხედარი ძირს გადმოეგდო, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის რისხვის მახვილით უფლის ანგელოსმა ორივე ხელი წარჰკვეთა. მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაცვივდა, თვითონ კი საშინელი გოდებით ძირს დავარდა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა იგი. დანაშაული იგრძნო და მოციქულებს მიმართა: „შემიწყალეთ მე, მონანო ქრისტესნო!“ პეტრე მოციქულმა მსვლელობა შეაჩერა და ათონიას უთხრა მთელი გულით ერწმუნა და ეღიარებინა იესო ჭეშმარიტ მესიად და ძედ ღვთისა და განიკურნებოდა. ათონიამ ხმამაღლა წამოსთქვა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მოციქულები და მორწმუნეები დაღუპული სულის ხსნამ მეტად გაახარა, ხოლო პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისათვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გამთელდა. ათონია სარეცელის წინაშე დაემხო და თაყვანი სცა უფალ იესოს და მის ყოვლადწმიდა დედას, მასთან ერთად მრავალმა იუდეველმაც ირწმუნა ქრისტე.
როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით იმდენი მორწმუნე მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს, რომ მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.
მოციქულ თომას წილად ხვდა ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ღვთის ნებით, იგი დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო, რომელთაგანაც გამოუთქმელი სურნელება იფრქვეოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. განცვიფრებისაგან გაოგნებულნი ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი. საღამოს ტრაპეზზე – გეთსიმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი სულ ღვთისმშობელზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ და ვერ გაეგოთ, თუ რა დაემართა მის პატიოსან გვამს. ტრაპეზის ბოლოს, ანგელოზთა გალობა გაისმა და ცის სივრცეში ყოვლადწმინდა ქალწული იხილეს, მან ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა მოციქულებს: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“. ამგვარად წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს ურყევი რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.
მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინისსაცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.
ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან – აღდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა – ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შინარჩუნა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა.
ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს.
0 Responses on მარიამობა"