2018 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მორიგი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა. აღნიშნული ხარისხის მოსაპოვებლად საკუთარი კვლევა ამჟამად მაგისტრატურის კურსდამთავრებულმა, საბა გელაშვილმა წარადგინა. „წმ. ანდრია კრიტელი და მისი ჰომილია “ლაზარესათვის““ _ ასე ეწოდა სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც მომხსენებელმა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე წარმატებით დაიცვა. კვლევის ავტორის თქმით, ნაშრომი ფილოლოგიური და საღვთისმეტყველო კუთხით ექვს უძველეს ხელნაწერზე დაყრდნობით მომზადდა. ნამუშევარი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნინო მელიქიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შექმნილია კრებული „გრაგნილი“, რომელშიც წარმატებული სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები იბეჭდება. ამ მიმართულებით, სასწავლო დაწესებულებაში 2012 წლიდან აქტიური სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს. სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადებასა და დამუშავებაში სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებიც არიან ჩართულნი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმატების ერთ-ერთი ნიშანია სადიპლომო ნაშრომების დაცვის ხარისხი. ამ კუთხით, თანდათანობით მდიდრდება აკადემია და მისი სახით _ ქართველი ერი, რომელსაც მიეწოდება მეცნიერული კვლევით, კრიტიკული აპარატით, ტერმინოლოგიური ლექსიკონითა და თავად საღვთისმეტყველო ტექსტითაც პირველხარისხოვანი თეოლოგიური ნაშრომები, რომლებიც უდაოდ ექვემდებარება გამოცემა-გამოქვეყნებას.
0 Responses on კიდევ ერთი სადიპლომო ნამუშევრის დაცვა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში"