ბზობა

უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას  ოთხივე სახარებაში  ვხვდებით: ,,როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ. ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა! როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან (მთ.21:1-11). როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! – განრისხდნენ. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება? (მთ.21:15-16).  ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს (მრ.19:39-40).

უფლის იერუსალიმში შესვლა იყო მაცხოვრის მიერ ჯოჯოხეთის დათრგუნვისა და სასუფეველში შესვლის წინასახე. ამ დღესასწაულს საქართველოში ,,ბზობასაც“ უწოდებენ, რადგან მახარებელთაგან ერთადერთი,  იოანე  აკონკრეტებს და ამბობს, რომ ხის ტოტებს, რომელსაც უფალს უფენდნენ, პალმისა იყო: ,,მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა“ (იო.12:12-13). პალმის რტოს მარადმწავნეობა უფლის მარადიული მეფობის მანიშნებელია,  ბიზანტიურ ეპოქაში  ამ დღესასწაულზე   პალმის  ან  ზეთისხილის რტოებით რთავდნენ ეკლესიებს (პალესტინაში დღესაც პალმის რტოთა კურთხევა აღესრულება),  საქართველოში პალმა ბუნებრივად არ ხარობს, ამიტომ იერუსალიმში შებრძანებული უფლის მარადიული მეფობის სიმბოლურად გამომხატველად ბზას იყენებენ.

 

Sunday April 21st, 2019

0 Responses on ბზობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>