თბილისის საულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ხატწერის სახელოსნოში დიდი გამოფენა მოეწყო.
ამგვარი მაშტაბური გამოფენა აქ პირველად გაიმართა – ნამუშევრები წარმოადგინეს ხატწერის სახელოსნოს სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულებმა, ესენი არიან: ირაკლი ლომიძე, ლილი მზექალაშვილი, მაია ღაღაშვილი, მონაზონი ეკატერინე (ფერისცვალების დედათა მონასტრიდან), ნათია ნუკრაძე, თეონა ტყეშელაშვილი, გიორგი დემეტრაშვილი, ეკატერინე ჩანჩიბაძე, ნინო ბერიშვილი, თამარ ნაკაიძე, ქეთევან ხაჟომია, მიქაელ მაქაძე, რუსუდან მარგიანი, თამარ ხოსროშვილი, ნათია ხერკელაძე, ნელი ჩაკვეტაძე, დიმიტრი ხარჩილავა, გიორგი გოშაძე, მაია ბეციაშვილი, ნანა გულორდავა, მერი ქართველიშვილი, ქეთევან მაღრაძე, შალვა თუმანიშვილი, მაია ჭინჭარაული, ჭედურობის ოსტატი გიორგი კუტივაძე.
ხატწერის სახელოსნო თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების დღიდან შეიქმნა, ეს იყო პირველი ამ ტიპის სტუდია საქართველოში, სწორედ აქ დაეუფლნენ ხატწერის ხელოვნებას უმრავლესი დღეს მოქმედი ხატმწერებისა. მათ ერთად გაიარეს ძიების, გამოცდილების გაზიარების გზები. ხატწერის სახელოსნოს პირველი ხელმძღვანელი იყო სიდონია გაჩეჩილაძე, ამჟამად იგი სოფელ ასურეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესეა.
2000 წელს ამ სახელოსნოს ბაზაზე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტთან გაიხსნა ხატმწერთა სპეციალობის ჯგუფი. დღეს ამ სახელოსნოს ხელმძღვანელობას უწევს ქალბატონი მაკა ჩხაიძე. უნდა აღინიშნოს, რომ ხატწერის სახელოსნოში ხატწერის ხელოვნებას ჩვენი აკადემია-სემინარიის სტუდენტების გარდა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ დაეუფლონ.
ეს მშვენიერი გამოფენა სამ დღეს გასტანს.
0 Responses on გამოფენა ხატწერის სახელოსნოში"