დიდი ხუთშაბათი

                                                                                 საიდუმლო სერობა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ოჯახის წევრებთან ერთად მთლიანად შემწვარ ერთი წლის ბატკანს ან თიკანს შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. რადგან უფალს განგებული ჰქონდა რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

   ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ. სწორედ იქ გამართავდნენ სერობას. საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, გამცემი ვინ არისო. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან იმოქმედა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას.

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამ მოქმედებით უფალმა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო – ზიარება დააწესა.

სერობის დასრულების შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა, რითაც ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები.

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ  მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, ამ დღესვე მზადდება მთელი წლის განმავლობაში ავადმყოფთა საზიარებელი წმიდა ნაწილები.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც “ვნების თორმეტი სახარება” ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, სადაც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე და ჯვარცმისას განიცადა კაცთა გამოსახსნელად.
ტროპარი: რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

Thursday April 5th, 2018

0 Responses on დიდი ხუთშაბათი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>