წმინდა სპირიდონის ხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღე

25 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წელი სრულდება.

მისი ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს უწმინდესს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრარქის ინტრონიზაცია წმინდა სპირიდონ ტრიუმიფუნტელის ხსენების დღეს აღესრულა.
წმინდა სპირიდონი მიუხედავად მწყემსობისა ღრმად განსწავლული იყო სულიერ ცხოვრებაში. იგი ყრმობის ასაკიდან სტუმართმოყვარეობით და უპოვართა მიმართ მოწყალებით გამოირჩეოდა.

220px-SPYRIDON

წმ. სპირიდონი ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად 325 წ. დაადგინეს. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში. როგორც ცნობილია ამ კრებაზე არიოზის მწვალებლობა დაიგმო. მსოფლიო კრებას ესწრებოდნენ IV ს-ის ცნობილი ფილოსოფოსები, მათ შორის რიტორი ევლოგი. სპირიდონი, ანთებული ჭეშმარიტი დოგმატებისადმი სიყვარულით და ღვთის რწმენით და სასოებით, აუღელვებლად აღუდგა წინ ევლოღის და იგი მოაქცია ქრისტიანობაზე. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, წმინდა სპირიდონმა, წმინდა სამების განუყოფლობის დასამტკიცებლად, ხელში აგური აიღო, ხელი მოუჭირა, ხელს ზემოდან ცეცხლი ავარდა, ქვემოთ წყალი ჩაიღვარა, ხოლო წმინდანის ხელში თიხა დარჩა. წმინდა მღვდელთავარმა განმარტა: როგორც აგურში არის ცეცხლი, წყალი და თიხა, ასე თანამყოფობენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სული წმინდა. ამიტომ უგალობს ეკლესია წმინდანს ასე: `პირველ კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად, საკვირველმოქმედო~ წმინდა სპირიდონი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი აღესრულა 348 ან 350 წ. წმინდანის ცხოვრებაში და გარდაცვალების შემდეგაც მრავალი სასწაული აღსრულდა და დღესაც აღესრულება.

2004 წელს საქართველოს ეკლესიის დელეგაციის საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კუნძულ კერკირას ეწვია. ეს ის კუნძულია, სადაც XV საუკუნიდან IV ს-ის დიდი მღვდელმთავრის, ეკლესიის დიდი წმინდანის, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული და მარჯვენა ხელი (ცალკე) საკათედრო ტაძარში, საკურთხეველში ინახება.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

წირვის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა წმ. სპირიდონის ნაწილებთან პარაკლისი გადაიხადა, კერკირის მიტროპოლიტის, მეუფე ნეკტარიოსის გადაწყვეტილებით უწმიდესსა და უნეტარესს საჩუქრად გადაეცა წმ. სპირიდონის ერთი ფაჩუჩი.
კერკირის მიტროპოლიტმა და კუნძულის მოსახლეობამ სიყვარულით და გამორჩეული პატივისცემით მიიღეს საქართველოს პატრიარქი, იცოდნენ რა, რომ ილია მეორის აღასყდრება საპატრირქო ტახტზე სწორედ წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს 13/25 დეკემბერს მოხდა.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა საზეიმო წირვის შემდეგ სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა წმინდანის ნაწილებთან. კერკირის მიტროპილიტმა მეუფე ნეკტარიოსმა თავის მისასლმებელ სიტყვაში აღნიშნა:

თქვენო უნეტარესობავ! სიყვარულისა თქვენისაგან გუაქვს დიდი სიხარული!~, რადგან დღეს კ.კერკირას კურთხეულ მიწაზე იმყოფებით. თქვენ ჩამობრძანდით დიდი წმინდანის თაყვანსაცემად, წმინდანისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მფარველობს ჩვენს კუნძულს და მის მცხოვრებთ, რადგან წმინდა სპირიდონის უხრწნელი ნაწილები აქ არის დაბრძანებული, იგია შემწე და მვედრებელი უფლის წინაშე, წმ. სპირიდონი არა მარტო კერკერას მცხვრებთ შეეწევა, არამედ ყველა მორწმუნეს, და მათ ვინც მის წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად მოდის კერკერაზე. დღეს განსაკუთრებული სულიერი სიხარულით ვართ აღსავსენი, რადგან კარგად ვიცით, თქვენო უნეტარესობავ, რომ თქვენი, როგორც საქართველოს პატრიარქის მოღვაწეობას წარმართავდა და წარმართავს დიდი წმინდანი. მისი მადლით ჩამობრძანდით ჩვენთანაც, ეს წმინდა სპირიდონის წყალობაა დღეს რომ ჩვენთან ახლოს ბრძანდებით. დღეს კიდევ ერთხელ ვმადლობთ წმ. სპირიდონს, რადგან თქვენი სტუმრობით სულიერი სიხარულის ღირსნი გაგვხადა. თქვენო უნეტარესობავ, თქვენი სახით საქართველოს უძველესი ეკლესიის მოციქულებრივი მოღვაწეობის ტრადიციის გამგრძელებელს ვხვდებით. თქვენ ხართ მემკვიდრე ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათა მოციქულისა და ბართლომესი, რომელთა ქადაგებით და მადლით `ერმა ბნელსა სინა მსხდომარემან იხილა ნათელი დაუღამებელი~ საქართველოშიც. თქვენს პიროვნებაში ვხედავთ განხორციელებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვებისას, რაც მან მოციქულებს უთხრა `წარვედით და მოიმოწაფენით თქვენ ყოველნი წარმართნი~, ეს სიტყვები რწმენაში გამოიხატა, თვით უარყოფაც, მოციქულებრივ სიყვარულად განსხეულდა და მთელს ქმნულ სამყაროს გადაეცა, მისი ნაყოფი კი მართლმადიდებლური ეკლესიებია.

თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ხართ უფლის ჭეშმარიტი და მტკიცე სიტყვისა და ეკლესიის ღირსეული მსახური, ეკლესიისა, რომელსაც `ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ~. ეკლესიამ, რომლის საჭეთმპყრობელიც თქვენ ხართ და ერი რომელსაც წარმოადგენთ, განსაცდელთა ბევრი ქარცეცხლი გამოიარა, ღვთისგან მონიჭებულ თავისუფლებისა და ჭეშმარიტი რწმენის წართმევას ცდილობდა მცდარი იდეოლოგია. თუმცა ბოროტის ყველა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომლის წილხვედრი მიწაა საქართველო, დაიცვა ადამიანთა გულები რწმენა და გადაარჩინა საქართველოს ეკლესია. თქვენი მწყემსმთავრობითა და სულიერი წინამძღოლობით თქვენ სამშობლოს სულიერი აღმავლობის, კაცთმოყვარეობისა და უფლისადმი სიყვარულის გამოხატულების ჟამი უდგას, მშვიდობისა და შერიგებისაკენ მიემართება მორწმუნე ქართველი ერი. მიუხედავად ახალი დიდი განსაცდელებისა და სირთულეებისა.
თქვენო უნეტარესობავ, ჩვენთვის უცხო არ არის ამგვარი განსაცდელები, ჩვენც მრავალი ტანჯვა გამოვიარეთ, ისტორიულ ძნელბედობის ჟამს შევძელის ერმა და ეკლესიამ გაერთიანება და ჭეშმარიტი რწმენის დაცვა. ჩვენი სულიერი და ეროვნული მეობის შენარჩუნება.
თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ხართ ადამიანი, ვინც ჭეშმარიტად გამოხატავს უფლის სიტყვებს: `ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას~ (იოან. 13.35).
თქვენი ჩამობრძანება რწმენით ერთობის და სული წმინდის მადლით ერთობის გამოხატულებაა.
ამგვარი ურთიერთობა სიყვარულის გარეშე არ მიიღწევა _ ეს სიყვარული კი ყოველგვარ ადამიანურ საზღვარს სცილდება და ჩვენ უფლის ქმნილებებს მაცხოვრის ერთგულ მოწაფეებად გვაქცევს.
თქვენო უნეტარესობავ, ჩამობრძანდით მიწაზე, სადაც მეუფებს ღვთის სიყვარული, თითოეული მცხოვრები გრძნობს დიდი წმინდანის ყოველწამიერ შეწევნას და წყალობას, ამიტომაც მრავალმა მათგანმა მსხვერპლად გაიღო სიცოცხლე და სისხლის ფასად შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოება. თქვენ ჩამობრძანდით და გთხოვთ დალოცოთ ჩვენი მიწა და მორწმუნე ერი, გულნათელი, სტუმართმოყვარე და გულღია.
მუხლმოდრეკილი ვევედრები წმინდა სპირიდონს,შეგვეწიოს და შესთხოვოს უფალს, რათა მოგანიჭოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე, გააბრწყინოს და განამტკიცოს თქვენი მწყემსმთავრული მოღვაწეობა, გფარავდეთ წმინდა სპირიდონი თქვენ და საქართველოს ეკლესიას! ამინ!
კერკირა 19 მაისი 2004

Monday December 24th, 2018

0 Responses on წმინდა სპირიდონის ხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღე"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>