ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს

მართლმადიდებელი ეკლესია 30 იანვრს/12 თებერვალს ზეიმობს წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და დიდთა მღვდელმთავართა – ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს.

ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის დროს (1081-1108 წწ.) კონსტანტინეპოლში დიდი დავა ატყდა სამი დიდი მღვდელმთავრის გამო – რომელი მათგანი იყო უფრო დიდი ღმრთის წინაშე. მორწმუნეთა შორის განხეთქილება ჩამოვარდა: ზოგს იოანიტს უწოდებდნენ, ზოგს – ბასილიანელს და ზოგსაც – გრიგორიანელს. თანაც, ეს დავა სიბრძნითა და მჭევრმეტყველებით ცნობილ კაცთა შორის მიმდინარეობდა.

შუღლი თვითონ ამ სამმა დიდმა მღვდელმთავარმა შეწყვიტა. ისინი ერთად ეჩვენნენ იოანეს, ევქაიტელ ეპისკოპოსს, და უთხრეს: „ჩვენ თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე, ჩვენს შორის არც რაიმე განყოფაა, არც წინააღმდეგობა. ყოველ ჩვენგანს სული წმიდა კარნახობდა თავის თხზულებებს. არავინაა ჩვენ შორის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე, რასაც ერთი ამბობს, იმას დანარჩენი ორიც იზიარებს. უბრძანე მოქიშპეებს, შეწყვიტონ დავა, რადგან ჩვენ სიცოცხლეშიც იმას ვცდილობდით და სიკვდილის შემდეგაც იმაზე ვზრუნავთ, რომ კაცთა შორის მშვიდობა იყოს. დააწესე ჩვენი ხსენება ერთ დღეს, შეადგინე სადღესასწაულო განგება და სხვებსაც გადაეცი, რომ ჩვენ თანასწორი ღირსებისანი ვართ ღმრთის წინაშე. ჩვენ კი შევეწევით ცხონების გზაზე ყველას, ვინც პატივით აღასრულებს ჩვენს ხსენებას“.

როგორც კი ეს სიტყვები დაასრულეს, ისინი ცად ამაღლდნენ, თან საოცარი ნათლით ბრწყინავდნენ და სახელებით უხმობდნენ ერთმანეთს. იოანე ევქაიტელმა დაუყოვნებლივ გადასცა მოქიშპეებს თავისი ხილვა და მშვიდობა აღადგინა მათ შორის. მან დააწესა სამი წმინდანის ერთობლივი ხსენების დღე – 30 იანვარი (12 თებერვალი), რადგან იანვარში იდღესასწაულება სამივე მღვდელმთავრის ხსენება: 1 იანვარს (14 იანვარს) ბასილი დიდისა, 25 იანვარს (7 თებერვალს) გრიგოლ ღვთისმეტყველისა და 27 იანვარს (9 თებერვალს) იოანე ოქროპირისა. იოანე ევქაიტელმა შეადგინა აგრეთვე კანონები და ტროპარ-კონდაკები მათ სადიდებლად.

 

,,ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმიდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმიდანი შენი”.

 

 

Tuesday February 12th, 2019

0 Responses on ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>