ხარება

ახალი სტილით 7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღსასწაულს, რომლის შესახებაც ლუკა მახარებლის სახარება მოგვითხრობს:

,,ხოლო მეექვსე (ელისაბედის მიერ იოანე ნთლისმცემლის მუცლადღებიდან) თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი – იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა – მარიამი. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი“ (ლკ.1:26-38).

მას შემდეგ რაც ყოვლადწმიდა ქალწულმა საღვთო ნების აღსრულებასთან მიმართებით სრული მორჩილება გამოხატა (აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ!), წმიდა მამათა სწავლების თანახმად, მარიამის წიაღში ჩაისახა განკაცებული ღმერთი. შესაბამისად, ხარების დღესასწაული არის ღვთის განკაცების დასაწყისი და მას მოსდევს შემდგომ იესო ქრისტესთან დაკავშირებული სხვა საუფლო  დღესასწაულები : ნათლისღება,  ფერისცვალება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და ასე შემდეგ.  ამიტომაც ხარების დღესასწულით იწყება უძველესი იერუსალიმური   საწელიწდო კალენდარი და  ღვთისმსახურების ამსახველი ლიტურგიკული   კრებულები. ასეთია მაგალითად, მეათე საუკუნის  ქართული ჰიმნოგრფიული ხელნაწერი უძველესი იადგარი , რომლიც მეხუთე საუკუნის იერუსალიმურ ლიტურგიკულ განგებას ეფუძნება.

 

„ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა რაი მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ უწყებად საიდუმლოსა, დატევნად დაუტევნელისა და გეტყოდა შენ: გიხაროდენ, სახარულევანო, რამეთუ სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. ამისთვისცა შენგან შობილსა ძე მაღლისა ეწოდოს, რომელმან იხსნას ნათესავი კაცთაი“ (იბაკო ხარებისა, „ჭილ-ეტრატის იადგარი“. ა. შანიძე, 1977).

Sunday April 7th, 2019

0 Responses on ხარება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>