2019 წლის 18-19 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II, რომელშიც აისახა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები. მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ქართული ჰუმანიტარული მეცნიერული კვლევების შედეგების გაზიარება.
საქართველომ შუა საუკუნეებში დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების განვითარებაში. ამდენად, მისი ურთიერთობა ბიზანტიასა და აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან უაღრესად აქტუალური თემაა. კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა ძველი ქართული ხელნაწერების გამოფენა. გამოფენაზე მხოლოდ ერთი დღით იყო წარმოდგენილი IX საუკუნის უნიკალური ბერძნული ხელნაწერი, კორიდეთის სახარება, რომელიც კარგად წარმოაჩენს ქართული და ბიზანტიური კულტურის მჭიდრო კავშირს; გამოიფინა, ასევე, X-XI საუკუნეებში შექმნილი უნიკალური ქართული ხელნაწერები: ალავერდის ოთხთავი, ვანის ოთხათავი, მიქელ მოდრეკილის იადგარი, რომლებიც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშებს წარმოადგენენ.
კონფერენციაში სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ და ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა.
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ბრწყინვალე და განათლებული დღე მეორედ მოსვლისა“, რომელშიც მიმოიხილა საეკლესიო ეგზეგეტიკა უფლის მეორედ მოსვლის შესახებ. ქალბატონი ქეთევან მამასახლისის მოხსენება შეეხებოდა პატერიკული ჟანრის მწერლობას, კერძოდ, წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა ამონ ნიტრიელის შემოქმედების ურთიერთმიმართების საკითხს (მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში № FR – 18 – 1209).
0 Responses on საერთაშორისო კონფერენცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში"